Menu

Weghline მატარებლების ასაწონი სისტემა

    ელექტრონული ასაწონი სისტემები გამოიყენებიან, როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ობიექტების (ტვირთების) ასაწონად, შესაბამისად განასხვავებენ: სტატიკურ და დინამიკურ ასაწონ სისტემებს.

    დღეისათვის მანქანების და მატარებლების ასაწონად გამოიყენებიან, როგორც სტატიკური, ასევე დინამიკური სასწორები. თუმცა, საწარმოო პროცესის სისწრაფის და აწონვის პროცესის გამარტივების თვალსაზრისით, გაცილებით ეფექტურია დინამიკური სისტემების გამოყენება.

    დინამიკური სასწორების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მატარებლების აწონვისას, რადგან, ამ შემთხვევაში საგრძნობლად სწრაფია და მარტივდება აწონვის პროცესი სტატიკურ სასწორებთან შედარებით (სტატიკურად აწონვისას ვაგონი გაჩერებულია და ის უნდა ჩაიხსნას შემადგენლობიდან). გარდა ამისა, დინამიკურ სავაგონე სასწორზე აწონვის სიზუსტე, დაბალ სიჩქარეებზე იგივე რანგისაა, რაც სტატიკური აწონვის შემთხვევაში.

    მოძრაობაში ასაწონი სარკინიგზო სასწორების კლასიფიკაცია და დეტალური განხილვა მოცემულია აქ:

PDF downlaod3

დინამიკური სარკინიგზო ასაწონი სისტემები . . . > >

 

    ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია Avery Weigh-Trinix/Railweight-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს ამიერკავკასიაში. კომპანია Railweight არის პიონერი, სპეციალური კონსტრუქციის ფუნდამენტის არმქონე დინამიკური სარკინიგზო სასწორების სფეროში. მისი Weighline ასაწონი სისტემები, რომელებიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ექსპლუატაციაში, ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.

    Weighline წარმოადგენს, მატარებლების ასაწონ ახალი თაობის ელექტრონულ სისტემას, რომელიც ავტომატურდ ამოიცნობს მოძრავ სარკინიგზო ვაგონებს და განსაზღვრავს მათ წონებს 200 კმ/სთ-მდე სიჩქარის ფარგლებში. Weighline ასაწონი სისტემის ზოგადი დახასიათება მოცემულია აქ:

PDF downlaod3

Weighline ასაწონი სისტემის ზოგადი დახასიათება . . . > >

 

    Railweight-ის მერ შექმნილი წონის ტენზოგადამწოდის უნიკალურობიდან გამომდინარე,Weighline არ საჭიროებს ლიანდაგის ქვეშ სპეციალური კონსტრუქციის ფუნდამენტის და ორმოების აგებას. ტენზოგადამწოდებიანი "წონის რელსები" შეიძლება პირდაპირ ჩავამონტაჟოთ (ჩავაკეროთ) მყარ ბალასტზე, ბეტონის ფილაზე ან რკინის კოჭებზე დაგებულ რკინიგზაში ისე, რომ არ მოხდეს გზის გაჩერება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აქ აღმოფხვრილია, ტრადიციული ასაწონი ხიდების მონტაჟის დროს არსებული ყველა ის ტექნიკური სირთულე, რომელიც დაკავშირებულია ორმოების, სპეციალური კონსტრუქციის ფუნდამენტის და დრენაჟის მშენებლობასთან. შესაბამისად, არსებულ ასაწონ ხიდებთან შედარებით, მისი დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება შეუდარებლად მარტივია და საჭიროებს გაცილებით ნაკლებ დროს.

    მონტაჟი შეიცავს არსებულ ხაზში მინიმუმ ორი სექციის ამოჭრას და მათ შეცვლას "წონის რელსებით", რომლთა ჩაკერება ხდება ან შედუღებით ან გადასაბმელი ფირფიტების საშუალებით. შესაბამისად, ტრადიციულ ასაწონ ხიდისაგან განსხვავებით, სადაც რელსები გადაუბმელი და გაწყვეტილია, ვღებულობთ უწყვეტ სალიანდაგი ხაზს. ამასთან, ფირმა Railweight-ი უზრუნველყოფს, სპეციალური ტენზოგადამწოდებიანი "წონის რელსების" სექციების სრულ შეესაბამისობას დამკვეთის მიერ გამოყენებულ რელსის ტიპებთან (R65, R50 და სხვა).

    აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარ სარკინიგზო ხაზში შეიძლება ჩამონტაჟდეს უშუალოდ წონის ტენზოგადამწოდებიც.

    მყარ გრუნტზე მონტაჟის დროს სასწორი არ საჭიროებს მძიმე ტექნიკის გამოყენებას.

    სისტემას შეუძლია გაცილებით მაღალ სიჩქარეებზე აწონვა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ტიპის ასაწონ ხიდს, რადგან "წონის რელსები" ჩამონტაჟებულია უწყვეტ სარკინიგზო ხაზში. ეს უსაფრთხოს ხდის მატარებლების მოძრაობას მაღალ სიჩქარეებზე და პრაქტიკულად გამორიცხავს რელსის წყვეტით გამოწვეულ დინამიკური წონის ცდომილების კომპონენტის არსებობას.

    Weighline იძლევა საშუალებას შენარჩუნდეს მაგისტრალური სიჩქარე აწონვის პროცესში, რითაც უმჯობესდება  ტვირთის გადაზიდვის დრო და სხვა პარამეტრები. გარდა ამისა, ასაწონ სექტორზე დასაშვებია სხვა მატარებლების (რომლებიც არ იწონებიან) მოძრაობა ნებისმიერი სიჩქარით.

    Railweight-ის წონის გადამწოდების გამოყენება იძლევა აწონვის ალგორითმის უნიფიკაციის საშუალებას. რის გამოც, სისტემის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სახის ვაგონებისა და ტვირთების ასაწონად.

    სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნეს გაჩერებული სარკინიგზო ვაგონებისათვისაც (სტატიკური სასწორის რეჟიმში), მხოლოდ იმ ვაგონებისათვის, რომელთა ბაზა ემთხვევა წონის გადამწოდების განლაგებას.

    რადგანაც Weighline სისტემაში, წონის ტენზოგადამწოდი წარმოადგენს ცალკეულ ბორბალზე დაწოლის გასაზომ მოწყობილობას, შესაძლებელია გამოითვალოს ვაგონის თითოეულ ბორბალზე დაწოლის წილი, რაც იძლევა ვაგონის სტაბილურობის და მისი ტექნიკური გამართულობის განსაზღვრის საშუალებას. ეს მიიღწევა, ასაწონ სექტორზე გადავლისას: ბორბალზე, ღერძზე ან  ვაგონზე „გადატვირთვის“, ბორბლების გაცვეთის ან დეფორმირების და ვაგონების გარდიგარდმო ან გასწვრივი დისბალანსის დეტექტირებით, ასევე, არათანაბრად ან ცუდათ დატვირთულ ვაგონების აღმოჩენით. ყოველივე ეს კი, იძლევა მოძრავი შემადგენლობის დაზიანების და ცვეთის შემცირების საშუალებას, რაც, თავის მხრივ ამცირებს რკინიგზის საექსპლუატაციო ხარჯებს და ზრდის მის უსაფრთხოებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია Weighline სისტემის გამოყენება ვაგონების დამახარისხებელ სადგურებში და სასაქონლე საწყობებში.

    ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, Weighline არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს დამონტაჟების დროს, ის შეიძლება დამონტაჟდეს  ნებისმიერ ადგილას და იძლევა სრულ უპირატესობას აქამდე არსებულ მატარებლების ასაწონ ტექნოლოგიებთან შედარებით. სისტემა გათვლილია ფართო სპექტრის მომხმარებელზე და გამოირჩევა გაცილებით მაღალი ტექნიკური და საექსპლუატაციო მაჩვენებლებით. მისი მარტივი კონფიგურაცია, ორივე მიმართულებით აწონვის შესაძლებლობა და სისტემასთან დაკავშირებული მოძრავი ელემენტების არარსებობა, იძლევა მისი ხანგრძლივი გამოყენების და მაღალი სიზუსტის შენარჩუნების საშუალებას.

    ღერძებზე დატვირთვის განსაზღვრის ან უფრო რთული ოპერაციების შესრულების მიზნით, რკინიგზის ხაზზე განლაგებული წონის ტენზოგადამწოდებიდან და ბორბლის სენსორებიდან სიგნალები მიეწოდებიან წონის პროცესორს. აწონვის შედეგები შეიძლება წავიკითხოთ ეკრანზე, დავბეჭდოთ და გადავცეთ მთავარ კომპიუტერზე კომპიუტერულ ქსელით ან ინტერნეტით.

weighline diagram

    სისტემის მუშაობის სიზუსტის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილია მისი წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ დაკალიბრება. ეს პროცესი შეიცავს სასწორის  სტატიკურ და შემდგომ დინამიკურ დაკალიბრებას. ამ პროცესში არ არის აუცილებელი სტანდარტული წონის ბლოკების ან გირების და შესაბამისად მძიმე ტექნიკის გამოყენება, რადგან, სისტემა იძლევა სპეციალური ეტალონური დასაკალიბრებელი მოწყობილობის გამოყენების საშუალებას. ამ მოწყობილობის მოწოდებას და მისი სიზუსტის პერიოდულ შენარჩუნებას უზრუნველყოფს მწარმოებელი კომპანია Railweight-ი და შპს მინიტელსი.

    Weighline დღეისათვის გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც სარკინიგზო კომპანიების მიერ, ასევე: საზღვაო პორტების, სამთო გადამამუშავებელ, მეტალურგიულ, ნავთობის და გაზის, ცემენტის წარმოების, და სხვა სფეროებში. სისტემას გააჩნია საერთაშორისო მეტროლოგიური ორგანიზაციის (OIML) და ISO9001:2000 შესაბამისობის საერთაშორისო სერთიფიკატები.

    საქართველოში, Weighline ასაწონი სისტემის ადრეული ვერსია, ჩვენს მიერ დამონტაჟებული იქნა, 1996 წელს და დღესაც წარმატებით გამოიყენება ფოთის ნავსადგურის 1-ლ რაიონში. აღნიშნული სისტემა გამოიყენება ძირითადათ მშრალი ტვირთების ასწონად.

    2012 წელს დავამონტაჟეთ და ექსპლუატაციაში გავუშვით Weighline ასაწონი სისტემები ყულევის ნავთობის ტერმინალში და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, რომლებიც გამოიყენებიან როგორც მყარი ასევე თხევადი ტვირთებისათვის. ამ სისტემებში დამატებით გათვალისწინებულია აწონვის ეგრეთ წოდებული სრული სქემის (Full Draft) რეჟიმი, რომელიც სრულად გამორიცხავს ვაგონში მოძრავი სითხის ზემოქმედებას აწონვის სიზუსტეზე. სრული სქემის რეჟიმს სისტემა ავტომატურად აამოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, გადაბმული და მოძრავი შემადგენლობის აწონვისას მოხდება 4 ღერძიანი ვაგონ-ცისტერნის იდენტიფიკაცია.

    2013 წელს დავამონტაჟეთ და ექსპლუატაციაში გავუშვით მეორე Weighline ასაწონი სისტემა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-2 რაიონში.

Weighline სურათები

Weighline 1

Weighline ასაწონი სისტემა

Poti

ასაწონი სისტემა ფოთი-1

Poti_1_2

ასაწონი სისტემა ფოთი-1

Operators cab

ასაწონი სისტემა ფოთი-1

Poti_2_1

ასაწონი სისტემა ფოთი-2

Khulevi_1

ასაწონი სისტემა ყულევი

Khulevi_2

ასაწონი სისტემა ყულევი

Batumi_1

ასაწონი სისტემა ბათუმი

Calibration Equipment

დასაკალიბრებელი მოწყობილობა

TSR4000

წონის პროცესორი

Go to top